“ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა”, _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა.
ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა” საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა”; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა” წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები.