ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცლერი, პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონის ჩავარდნის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ მან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა.
„შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების შორის ნდობას. მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარეებთან, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.
შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის ლიდერს. კონსულტაციები გაგრძელდება სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც და ჩემს სხვა კოლეგებთანაც“,_ განაცხადა ელჩმა.
პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროკავშირი ელჩის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.
თალაკვაძე მზადყოფნას გამოხატავს, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, წარმატებით დასრულდეს.