პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება. თუმცა ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. სავალი გზა რუსთაველის პროსპექტზე გახსნილია.
ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება.
17 ნოემბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა.
18 ნოემბრის აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 ადამიანი დააკავეს.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.