ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ის 18 ნოემბერს თბილისში გამართულ აქციაზე 33 აქციის მონაწილესთან ერთად დააკავეს.
როგორ აფასებენ მჟავანაძის ოთხდღიან პატიმრობას ოზურგეთში და რა კომენტარები გააკეთეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, ამას ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიაში წაიკითხავთ.
“საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მშვიდობიან მანიფესტაციას კანონით დადგენილი ნორმები და ჩარჩოები აქვს. თუკი მანიფესტაციის დროს პირი სამართალდარღვევას ჩაიდენს, ბუნებრივია, სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება ექნება.“ – ასეთი კომენტარი გააკეთა “გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ტარიელ აროშიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დავით მჟავანაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
“ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სოფელში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება და ვაკვირდები სამუშაოებს“, _ გვითხრა ტარიელ აროშიძემ.
შოთა გოგიბერიძე “პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი: “ერთი რამ ნათელია _ სასამართლო მიკერძოებულია. სასამართლო სისტემას სჭირდება ხსნა და შველა. კიდევ ერთხელ ჩანს სასამართლოს სისტემის რეფორმირების საკითხი. უნდა მოვაშოროთ სისტემას ჯიბის მოსამართლეები.“
ლევან მგელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:
“ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას, რადგან მიტინგს აქვს მისი ეიფორია. მე ვფიქრობ, ეს დაკავებები პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და საზოგადოების დაშინება უფრო არის, რადგან არ მიიღონ მონაწილეობა აქციებში.“
“ქართული ოცნების“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია მჟავანაძის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს:
“არა მგონია, სასამართლოს უსამართლოდ მიეღოს გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“
“ლეიბორისტი“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მამალაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს: “მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია თუ არა სამართლიანი? _ უსამართლო ქვეყანაში, როგორ იქნება სამართლიანი. ყველა კარგად იცის, რომ მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იყო“.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძე ამბობს, ეს ადამიანები იმიტომ გამოკეტეს 10 და 13 დღით, რომ 25 ნოემბერს გასამართ აქციაზე არ მოვიდნენ.
“აბსოლუტური უაზრობა იყო. კადრები, რომელიც წარმოადგინეს მტკიცებულებად, იმ კადრებში დავით მჟავანაძე არ იყო საერთოდ. სხვა ადამიანი ჩანს ვიდეოში და დააკავეს დათო მჟავანაძე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ორ ადამიანს მიუსაჯეს ოთხი დღე, დანარჩენს 10 ან 13 დღე, რადგან 25 ნოემბერს გასამართ აქციაზე არ მოვიდნენ ის ადამიანები, რომელიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები აქციებში. “ – გვითხრა თორნიკე გოგუაძემ.