დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
„27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია. აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული.
სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები.
ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული.
“საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.