გიგა ბოკერია აკრიტიკებს ტელეკომპანია “იმედზე” ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ნიკა ლალიაშვილთან და ამბობს, რომ მას მომავალში სტუდენტებს ასწავლიან ზოგიერთ ტელეარხზე არსებული “სამარცხვინო მდგომარეობის” გასაცნობად.
„ჩვენ ახლა ხშირად ვუყურებთ ხოლმე საბჭოთა პერიოდის არქივს. ეს კომიკურიც არის და სევდიანიც, იმიტომ, რომ შავ-ბნელი, უმძიმესი დრო იყო და დღეს გამოიყურება ეგზოტიკურად, როგორც უცხოპლანეტელები არიან, როგორც ესაუბრებიან მაშინდელი ე.წ ჟურნალისტები პარტიულ ხელმძღვანელებს“, – უთხრა გიგა ბოკერიამ “ნეტგაზეთს”.
„მე არ ვადარებ დღევანდელ ვითარებას საბჭოთა წარსულს, საბჭოთა ამბავი იყო ფაშიზმის ტოლფასი უბედურება. მაგრამ გავა წლები და ეგ ინტერვიუ და ივანიშვილის ეს გამოსვლა შევა არქივში და სტუდენტებს ასწავლიან ხოლმე, რომ ანახონ, როგორი სამარცხვინო მდგომარეობა იყო საქართველოში ზოგიერთ მედია-არხზე”,_ ამბობს ის.