ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედზე“, ნიკა ლალიაშვილის სტუმრობისას თქვა, რომ ოპოზიციას ქვეყნის ბედი არ აღელვებს. მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქუჩის პოლიტიკოსებს შეადარა.
„როდესაც წავედი პოლიტიკიდან, ეკონომიკურ კონფერენციებს ვატარებდი. არცერთი ოპონენტი არ მოვიდა. ერთხელ ვნახე გოცირიძე შემოიპარა და როგორც კი ნახა, რომ მოვედი, გაძვრა მეორე კარიდან. ვეუბნები მათ: მოვიდნენ არგუმენტირებულად, რას ვაკეთებთ ჩვენ ან ვერ ვაკეთებთ ისე, როგორც საჭიროა და გვასწავლონ უკეთესი გზა. არა, ეს არ ხდება, არგუმენტები არა აქვთ“,_ განაცხადა ივანიშვილმა.
“გურია ნიუსმა“ პარლამენტის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ჩაწერა. მან დაადასტურა, რომ მსგავს შეხვედრაზე იყო, მაგრამ არ გამოპარულა. აღნიშნული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ დატოვა.
„როგორც ყოველთვის, ახლაც იტყუება ბიძინა ივანიშვილი. არავის დავიწყებია მისი შეუსრულებელი დაპირებები 7 წლის განმავლობაში და ასევე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ცრუ დაპირება. მოაწყო მართლა ეს შეხვედრა. თავდაპირველად, არ ვიცოდით, რა შეხვედრა იყო, მაგრამ შემდეგ გახდა ცნობილი. რაღაც ისაუბრა, როგორც მან იცის და სიტყვის დასრულების შემდეგ გვითხრა, რომ ის წავიდოდა შეხვედრიდან, ახლა მე დაგტოვებთო, რადგან უფრო თავისუფლად ილაპარაკებთო. აი, ასე გვითხრა. ადგა და დაგვტოვა, რის შემდეგაც, მეც დავტოვე შეხვედრა, იქვე მსხდომ პირებს ვუთხარი: ვინც ხართ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპატიჟებული ხალხი, უჩემოდ გააგრძელეთ შეხვედრა-მეთქი. მერე გავაკეთე კომენტარები მედიასთან. ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის საქციელზე ასეთი შედარება მოვიყვანე _ ოჯახში სტუმარი რომ დაპატიჟო, მერე სუფრა გააწყო და შემდეგ ბავშვებს უთხრა, მოდით, ახლა თქვენ გაუმასპინძლდით, მე კი დაგტოვებთ. მოკლედ, მწარედ დავცინე და ეს აქვს გულში ჩადებული. არაერთხელ ახსენა ეს ამბავი.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, ოპოზიცია მოვიდეს ჩვენთან და არგუმენტირებულად გვასწავლოსო. ოპოზიციას აბრალებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდა პირადად თუ ჩვენ ვერ ვასწავლეთ კარგად?! შვიდი წელი ვასწავლით ბევრ რამეს, მათ შორის, როგორ უნდა გამყარდეს ლარი და როგორ დასტაბილურდეს ლარი, მაგრამ რომელი ჩვენი რჩევა გაითვალისწინა ივანიშვილმა ან მისმა ხელისუფლებამ?! პირიქით მიდის საქმე, რაც შეიძლება მეტი ფული მიითვისონ ბიუჯეტიდან და გააკოტრონ ქვეყანა.
პირდაპირ ვამბობ, რომ გუშინ ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ადამიანის ბოლო გაფართხალება. ადამიანის, რომელსაც უნდოდა ბოლო ტყუილი ეთქვა, მაგრამ ეს ტყუილიც ვერ დაალაგა. ბოლოს წინა ტყუილი იყო შარშან, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებზე რომ თქვა, ოღონდ მას მიეცით ხმა და ყველაფერს გავაკეთებთო. დამთავრდა უკვე, რაც არ უნდა თქვას, ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუჯერებს. დღეს შიშის ბარიერი აღმართა პარლამენტთან და ამით ყველაფერი ნათქვამია“, _ გვითხრა რომან გოცირიძემ.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტში სხდომებზე დასწრებას. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ყველა კანონიერ გზებს გამოიყენებენ, რომ ივანიშვილის ეპოქა დასრულდეს.
“ქუჩის აქციები არის უფრო ეფექტური. ქუჩის აქციებთან ერთად შესაძლებელია, პარლამენტის ტრიბუნაც გამოვიყენოთ და იქედან ვუთხრათ ხალხს ჩვენი სათქმელი. პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვი რომ არ დაესვათ, ეს მოვლენები ასე არ განვითარდებოდა, მაგრამ ხელისუფლება აგონიაში და არ იციან, რას აკეთებენ. პარლამენტშიც შევალთ და გარეთაც ვიქნებით, დღეს ჩვენ ვართ გარეთ“,|_ აღნიშნა რომან გოცირიძემ.