ბიჭი, რომლის მიერ დახატული უნიკალური ქართული ანბანი, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იმოძრავებს, რუსთაველი კალიგრაფი 19 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია.
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში, სწორედ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს.
ნიკოლოზ ღუნაშვილი კალიგრაფიით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, რუსთაველი პედაგოგების დახმარებით შეძლო. ის ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული კონკურს ,,კალიგრაფიის მარგალიტები“-ს არაერთგზის გამარჯვებულია. ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკოლოზი კალიგრამებსაც ქმნის, ის უამრავი საინტერესო პროექტის მონაწილეა.
ნიკოლოზ ღუნაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს.
ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი, 27 ნოემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს სტრასბურგის ქუჩებში.
27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სწორედ ამ ფაქტს ეძღვნება სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით მოხატული ტრამვაის გამოჩენა.