ორი ოჯახის სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით პანკისში უახლოეს პერიოდში უხუცესთა დიდი შეკრება იგეგმება. კონფლიქტის მოსაგვარებლად უხუცესების ჩამოსვლას ინგუშეთიდანაც ელოდებიან.
მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის კონფლიქტს ადგილობრივების ნაწილი ჰესების მშენებლობას უკავშირებენ და მომხდარში სახელმწიფოს ბრალეულობაზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას ხეობაში 1 ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაჭრილია. აქედან ერთი ამ დრომდე თბილისში მკურნალობს. მომხდარის გამო პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.
“მე ეს ვიცი, რომ უდანაშაულო იყო ეს ბიჭი, არაფერ შუაში არ იყო და მიწას ამოაფარეს 5 შვილის მამა. ასე არ ჩაივლის ეს ამბავი, ეს კი ვიცი, ამაზე უარესი მოხდება,” _ აცხადებს პანკისის მაცხოვრებელი ფატიმა თისუმოვა.პანკისის კიდევ ერთი მკვიდრი სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს:
“ეს რომ ჰესებიდან დაიწყო, ყველა რაკი ლაპარაკობდა, მეც ასე ვიცი. სახელმწიფოსაც ვადანაშაულებ, რომ იცოდა უმცირესობა თუ უმრავლესობა, ცდილობდა მეორე მხარის გადაბირებას, ან შეშინებას, ეს მშვენივრად იცოდა სახელმწიფომ. განვითარება ასეთ დროს უარესია ხოლმე. ისევ ხალხი უნდა დადგეს, თორემ მე, სახელმწიფოს იმედი არ მაქვს,”_აღნიშნა პანკისის მაცხოვრებელმა ლეილა ბექაურმა.
წყარო: რუსთავი2