ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს.
გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“
ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა.
ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც.
ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ?
ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა.
ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა.
“მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ – გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ურუშაძემ.