სამართალდამცველები და სპეციალისტები არკვევენ იყო თუ არა ვადაგადასული ტონაზე მეტი ხორცი, რომელიც საბავშვო ბაღებში უნდა შესულიყო. საეჭვო ხორცით მომარაგებაში შპს “სოფოს“ ადანაშაულებენ, რომელიც ადრეც იყო გახვეული “ხორცის სკანდალში.
“გურია ნიუსი“ გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარიას დაუკავშირდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, მისი კომენტარი ჩაწერა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო დგას მოწოდების სიმაღლეზე, ოპერატიულად მუშაობენ. ეს, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, მოხდა ძველი პროდუქტების ამოღება და დაჯარიმდნენ კონკრეტული კომპანიები. ჩვენს რეგიონში მსგავსი ფაქტი ხორცთან დაკავშირებით ერთხელ დაფიქსირდა, თუ არ ვცდები და იქაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მოხდა ფაქტის აღსკვეთა. მაქსიმალური კონტროლია არა მარტო ბაღში, არამედ ყველგან, რომ მოხდეს სუფთა და ხარისხიანი პროდუქტების შეტანა,“-გვითხრა ზურაბ ნასარაიამ.
გუბერნატორისგან განსხვავებული პოზიცია აქვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახა ასკურავას; ის თვლის, რომ ვადაგასული ხორცით მომარაგების შემთხვევების მიუხედავად, შპს “სოფოს“ ბაზარზე ოპერირება, გავლენიანი მფარველის გარეშე ვერ მოხდება: “შპს “სოფოს”(შპს, რომელიც გურიის და აჭარის საბავშვო ბაღებს ძროხის ხორცით ამარაგებს) მფლობელი რომ თაღლითი და დანაშავეა, ეს არაერთგზის გამოვლინდა იმ დარღვევებით, რომელიც ამ ერთ წელიწადში სამჯერ გამოვლინდა უკვე.
მაინტერესებს და ოფიციალურად მოვითხოვ შესაბამისი უწყებებებიდან განმარტებებს, ვინ დგას ამ შპს-ს უკან ისეთი გავლენიანი, რომ მიუხედავად სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ჯერ დისკვალიფიკაციისა და ამჯერად ვადაგასული ხორცის ამოღების შემდგომაც კი, კიდევ ოპერირებდეს ბაზარზე?!
ვერავინ დამაჯერებს,რომ ეს შემთხვევითია და ვიღაც ბობოლა ბაბაიას ხარჯზე, ეს თაღლითი შპს არ აყენებს ჩვენი შვილების სიცოცხლეს რისკის ქვეშ?! ამაზე უსწრაფეს ვადებში მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს!“
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია კი თვლის, რომ შპს “სოფომ“ გაიმარჯვა ტენდერში და თუ მსგავსი დარღვევები იყო ან კიდევ იქნება, შესაბამისად, სამართალდამცველები შეისწავლიან ამ საქმეებს.
_ ბატონო ზურაბ, მსგავსი ქმედების დროს, კომპანიები მცირედი თანხით ჯარიმდებიან და შემდეგ ისევ აგრძელებენ მუშაობას. არის თუ არა გასამკაცრებელი კანონი?
_ არსებობენ ადამიანები და არსებობენ თაღლითები. ამიტომ, ჩვენ ცალსახად ვამბობთ, არავის დანდობა არ იქნება, სადაც საუბარია ბაღებზე, ბავშვებზე, ადამიანების სიცოცხლეზე. ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ვადაგადასული ხორცის შეტანას სხვადასხვა დაწესებულებებში, მკაცრად დაისჯებიან.
_ როდის, ბატონო ზურაბ? შპს “სოფო“ უკვე იყო დადანაშაულებული მსგავსს ქმედებაში. თქვენ ახლა გვითხარით, რომ ყველას, ვინც შეეცდება ვადაგადასული ხორცის შეტანას ბაღებში, მკაცრად მოეთხოვება პასუხი.
_ “სოფოს“ დარღვევები, რა ქონდა წინა წლებში, მე არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის დანდობას არ ვაპირებთ. დაარღვია შპს “სოფომ“ კანონით მინიჭებული უფლება? მაშინ მან უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებაზე. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
_ თქვენი გუბერნატორობის დროს მოხდა, ე.წ. “ხორცის სკანდალი“ და მაშინაც ხორცის მიმწოდებელი იყო შპს “სოფო“…
_ ყველა ფაქტი გაჟღერდა ჩვენი სამსახურების კარგი მუშაობის გამო. სურსათის ეროვნული სააგენტო თავის საქმეს კარგად აკეთებს, – გვითხრა საუბრის დასასრულს ზურაბ ნასარაიამ.