შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს.
მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი – ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.