ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემოხეთში, ერთ დროს წმ.გიორგის ეკლესია იყო. ადგილი სადაც ეკლესია იდგა, ნაძვნარით არის დაფარული და ორკეს ეძახიან.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ზემოხეთელი ერეკლე უღრელიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეკლესიის თავიდან აგება იგეგმება. მხოლოდ ზარი არის შემორჩენილი, რომელიც ადგილობრივების წყალობით გადარჩა.
„23 ნოემბერს, გიორგობას ეს ზარი აქონდათ ორკეზე,( გიორგობა ზემოხეთში განსაკუთრებულად აღინიშნება), მანამდე ზარი ჟორჟიკა თავაძესთან ინახებოდა, ბოლო 30 წელია მურთაზ თავაძე უვლის. როგორც ვიცი, ეკლესია 1926 წელს დაანგრიეს. მურთაზ თავაძე უანგაროდ პატრონობს ზარს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უჭირს და უფრო უჭირდა მანამდე,“_ ამბობს უღრელიძე.
მურთაზ თავაძის თქმით, ის ამაყად გრძნობს თავს, რადგან სოფლის ისტორიას უვლის და ინახავს.
“ეს ზარი ეკუთვნის ხალხს, ზემოხეთელებს და დიდი მონდომება, არის საჭირო, რომ ორკეზე აშენდეს წმ.გიორგის ეკლესია. წმ. გიორგი განსაკუთრებული მფარველია ჩვენი და იმედია, ეკლესიის აშენება დროულად მოხდება. მე ახლა 63 წლის კი ვარ და მინდა მოვესწრო იმ დღეს, როდესაც ამ ზარის ხმას ნაძვნარში გავიგებ,“ – გვითხრა მურთაზ თავაძემ.
სავარაუდოდ, წმ, გიორგის ეკლესია მე-17 საუკენეში აშენდა და როგორც ერეკლე უღრელიძემ გვითხრა 1926 წელს, კომუნისტების დროს დაანგრიეს.