“ჩემი პირველი პოეტური შთაგონება, ჩემი პირველი პოეტური სიტყვა ჩემს მშობლიურ სოფელს _ ხიდისთავს უკავშირდება. იგი გურიაშია, ჩოხატაურის რაიონში. ამ სოფელში ვარ დაბადებული”, _ წერდა პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე, რომლის მამაპაპისეულ სახლში “გურია ნიუსი” 16 დეკემბერს იმყოფებოდა. სახლში ოჯახის დიასახლისი ლარისა მანჯავიძე და პოეტის ძმისშვილი ვახტანგ კალანდაძე დაგვხვდნენ.
„თითქოს გარიყულები ვართ, რატომ ან რისთვის, ვერ ვხვდები. არავის გახსენებია, რომ 15 დეკემბერს ანას დაბადების დღე ჰქონდა“, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი პოეტის ძმისშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ლარისამ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას პოეტის ხსოვნის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს.
„დღეს მიწვეული ვართ ბათუმის „ნიკეას“ სახელობის სკოლაში ანა კალანდაძის შესახებ ღონისძიებაზე. ჩვენთან თუ ტარდება რაიმე მსგავსი ღონისძიება, არ ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებას კი არც გავხსენებივართ. რატომ, რა არის ამის მიზეზი, ვერ გეტყვით. სანამ თანამდებობებზე დაინიშნებოდნენ და სკამებს დაიკავებდნენ, გვერდში ვედექით სოფლის დეპუტატს და მერის წარმომადგენელს ხიდისთავში. ჩემი მეუღლე ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. მოვიდნენ თანამდებობებზე და შემდეგ ამბავიც არ უკითხავთ. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი ბუმბერაზი პოეტი უყურადღებოდაა. ანა ნამდვილად არ იმსახურებდა ამას“, _ ამბობს ქალბატონი ლარისა.
ხიდისთავში, პოეტის მშობლიურ სოფელში დღემდე არ არსებობს მემორიალური დაფა, რომელიც ტურისტებს გზის გაკვლევაში დაეხმარება.
„უბრალოდ, მემორიალური დაფის დადგმა ვერ მოხერხდა, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა შეძლონ ანას მამისეულ სახლს კითხვისა და მინიშნების გარეშე მიაგნონ. ხშირად ინტერესდებიან სხვა რეგიონები. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან. როგორც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში მიდიან, ისე მოდიან აქ. უამრავი ბავშვი მოჰყავთ ექსკურსიებზე. მთელი ზაფხულის განმავლობაში არ წყდება ნაკადი. ძლივს აგნებენ. კითხვა-კითხვით მოდიან ჩვენამდე. დღემდე ვერ მოახერხეს, რომ მემორიალური დაფა თუ არა, უბრალო მინიშნება მაინც დაიდგას, სად მდებარეობს ანა კალანდაძის მამაპაპისეული სახლი“.
ანა კალანდაძის მშობლიურ სახლში გვეუბნებიან, რომ მუზეუმის ასაშენებლად დიდი ხანია გამოყოფილია ადგილი ეზოში მდებარე აკაციის ტევრში, თუმცა, ამშენებელი არ ჩანს.
„აქვე ეზოში, სიმბოლურად აკაციის ტევრში გამოვყავით ადგილი მუზეუმისთვის წლების წინ. მოსული იყო მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა. ეს, დაახლოებით, 2-3 წლის წინ იყო, სოფლის წარმომადგენელი დათო ვასაძეც ახლდა. ვილაპარაკეთ, იმედი მოგვეცა, რომ ბოლოს და ბოლოს, ანას სახლ-მუზეუმი ეღირსებოდა, მაგრამ მას შემდეგ აღარავინ შემოგვხმიანებია და არც მუზეუმის ამშენებელი გამოჩენილა ვინმე. ნუთუ ასე გაუჭირდა ხელისუფლებას, რომ ერთი მოკრძალებული მუზეუმი ვერ ააგო ანა კალანდაძის სახელზე. ბევრი გვყავს ანასნაირი პოეტი? მართალია, სახლში გვაქვს მოწყობილი ანას კუთხე, მოდიან და ნახულობენ, მაგრამ ეს ოჯახია, სადაც ვცხოვრობთ, სოფელია და ყოველთვის, შესაძლებელია, ვერ ვიყო ისე და ვერ დავხვდე მოსულს ისე, როგორც ეს ანას ხსოვნას ეკადრება, _ ამბობს ქალბატონი ლარისა და დასძენს: „ცენტრალურმა ხელისუფლებამ როგორ უნდა გაიგოს, თუ ხმა ადგილობრივმა არ მიაწვდინა. ადგილობრივმა კი ის თქვა, რომ თურმე ჩვენ ვართ ეზოში მუზეუმის აშენების წინააღმდეგი. სად გაგონილა ასეთი რამ?! პირადი ინტერესების გამო ჯავრი ანა კალანდაძეზე არ უნდა იყარო ადამიანმა“.
ლარისა მანჯავიძე „გურია ნიუსთან“ ყოფითი პრობლემების შესახებაც საუბრობს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, სახლში წვიმის დროს წყალი ჩამოსდით, ოჯახს კი საშუალება არ აქვს, სახურავი შეცვალოს და ანას კუთხე დასველებისგან დაიცვას.
_ მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ. კომუნალური გადასახადები რომ გადაგვეხადა, შვილი თბილისში წავიდა და იქ მუშაობს, 300 ლარი აქვს ხელფასი. პენსია სულ ორი თვეა, რაც დამენიშნა და ვეღარ შევიძელით სახლისთვის სახურავის შეცვლა. როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ჯგუფი მოდის ანას მამაპაპისეული ადგილის სანახავად. ერთხელ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, კორესპონდენტმა შენიშნა, რომ წყალი ჩამოდიოდა. სიუჟეტი ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს უნახავს, რომელმაც შემდეგ მოსწავლეები ჩამოიყვანა ჩვენთან. წასვლისას 200 ლარი გადმომცეს და მითხრეს, იქნებ, რამეში დაგეხმაროსო. ძალიან მომერიდა“, _ ამბობს ქალბატონი ლარისა და იხსენებს, რომ, წლების წინ, როდესაც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა ხიდისთავში, მუნიციპალიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ანა კალანდაძეს მისი მუზეუმის გახსნაც შესთავაზა.
„ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის გახსნაზე ანაც იყო ჩამოსული. გია ცინცაძე იყო მაშინ რაიონის გამგებელი და შესთავაზა მამიდას თქვენს მუზეუმსაც გავაკეთებთო, თუმცა, ანამ უარი უთხრა, ცოცხალი ადამიანისთვის სახლ-მუზეუმის გაკეთება იუხერხულა. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო ქალბატონი ანა.
იმის გასაგებად, იგეგმება თუ არა ხიდისთავში ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმის გაკეთება და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ანას მამაპაპისეული სახლის მიმანიშნებელი აბრის დადგმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ გახსენებია ანა კალანდაძის დაბადების დღე, რადგან 13 დეკემბერს ჩოხატაურის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. სწორედ ამ შეხვედრაზე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გამოვთქვი წუხილი იმის გამო, რომ, სამწუხაროდ, პოეტის სახლ-მუზეუმი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი შესაბამის უწყებებში. ჩვენს თვითმმართველობას მუზეუმის აშენების ფინანსები არ გააჩნია.
შესაბამისად, როცა მუზეუმი არ არსებობს, მასთან მისასვლელი მანიშნებელი ფირნიშიც ვერ იქნება.
ამ ეტაპზე, დიდი პოეტის უკვდავსაყოფად ხიდისთავის ცენტრში მოვაწყვეთ მისი სახელობის სკვერი. ოჯახშიც ნამყოფი ვართ, იმედი მაქვს, რომ გამოვნახავთ სახსრებს ამ საქმისათვის.
გულახდილად გეტყვით _ თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ის თემაა, რომლის გამო კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ ირაკლი კუჭავამ, თუმცა, მუნიციპალიტეტის მერს, არ გახსენებია, რომ სახლს, რომელზეც ვსაუბრობთ, 2014 წლის ივნისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
სოფელ ხიდისთავში მართლაც არის გაშენებული სკვერი, თუმცა, იქ არც მემორიალური დაფა დგას და არც სხვა რაიმე მიმანიშნებელი, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული სკვერი.
ამის შესახებ მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე ამბობს, რომ სკვერში მემორიალური დაფის დადგმა უახლოეს დროში იგეგმება.
„დაგეგმილია და ძალიან მალე დაიდგმება ხიდისთავში მდებარე სკვერში ანა კალანდაძის მემორიალური დაფა. ვარჩევთ სტროფებს ლექსებიდან, რომ ასევე, განთავსდეს სკვერში”, _ გვითხრა ვასაძემ.
კითხვაზე, რას გულისხმობდა ლარისა მანჯავიძე პირად ინტერესებში, როცა ამბობდა, რომ „პირადი ინტერესების გამო ჯავრი ანა კალანდაძეზე არ უნდა იყაროს ადამიანმა“, ვასაძე ამბობს, რომ ვერ ხვდება, რას შეიძლება გულისხმობდეს ქალბატონი.
_ რა პირადი ინტერესები შეიძლება მქონდეს ანა კალანდაძის ან ოჯახის მიმართ?! რაზე საუბრობს ქალბატონი ლარისა ვერ ვხვდები, არანაირი პირადი ინტერესი არ არსებობს, _ გვითხრა დავით ვასაძემ, თუმცა, ფაქტია, რომ პოეტი, რომელიც ასე ეამაყება ჩოხატაურელებს და სრულიად საქართველოს, შესაფერისი ყურადღების მიღმაა დარჩენილი.