საინტერესო და ღრმაშინაარსიანი ბლოგების ავტორი, ზურაბ თოიძე თავის ფეისბუკგვერდზე მორიგ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ჩვენს მკითხველებს უცვლელად ვთავაზობთ:
„საქმეს რომ შველოდეს, სიამოვნებით დავდგებოდი აეროპორტის ტრასაზე , თუნდაც რუსთაველზე , დავიჭერდი ხელში საღებავიან ბალონს და დიიიდი ასოებით დავწერდი ასფალტზე ,, სისტემა უნდა დაინგრეს ! “ ყოველდღიურობა გვარწმუნებს , _ საგანმანათლებლო სისტემა , რომელიც ბავშვებს ბავშვობას ართმევს , სტუდენტს სტუდენტობას და კვალიფიცირებულ, დღევანდელი გამოწვევებისთვის მომზადებულ კადრებს ვერ უზრდის ქვეყანას , რომლებიც იქით შექმნიან სამუშაო ადგილებს და სახელმწიფოს არ იქნებიან ხელებში მიშტერებული , _ უნდა დაინგრეს! სამართალდამცავ სისტემაში წლობით ჩამოყალიბებული მენტალობა რომ უნდა ემსახურო ხელისუფლებას და არა ხალხს , უნდა დაინგრეს!
მედიაში გამეფებული არაკომპენტენტურობის , უცოდინარობის , ყველასა და ყველაფრისადმი უპატივცემულობის და ყველაფრის კადრების , ყველაზე მიყიდვის და ყველაფრის გაყიდვის ატმოსფერო უნდა დაინგრეს … ეკონომიკაში არაფერი არ უნდა დაინგრეს , უკვე თუკი რაიმეს დანგრევა შეიძლებოდა , დანგრეულია ….
და ასეა ყველა დარგში! ბოლო 30 წელიწადში , ყველა ახალი ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა ნაირ-ნაირმა რეფორმებმა აქამდე მიიყვანა ქვეყანა!
ყველაზე წარმატებული ის რეფორმები იყო , რომელიც არ გატარებულა . აღარ მახსოვს , მგონი, სტოლიპინი წერდა , რეფორმებს ისინი ატარებენ , ვისაც ეფექტურად მართვა არ შეუძლიათო . ჰოდა , ყველა ახალი ხელისუფლება , ეფექტური მართვის ნაცვლად , ძველი სისტემების რეფორმირებას , კოსმეტიკურ რემონტს იწყებდა ახალი პრობლემების შემოტანით !
.უსისტემო , მოუფიქრებელი და უნიჭო რეფორმები ხდება ხოლმე უპირველესად და უმეტესწილად რეჟიმების წარმოშობის მიზეზი , რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ!
შევარდნაძეს როცა გაუჭირდა, ეცადა , მაგრამ , ენერგია აღარ ჰქონდა და ვერ ქნა. სააკაშვილს ენერგია ჰქონდა და ჩამოაყალიბა რეჟიმი, რომლის შენარჩუნება ვერ შეძლო. დღევანდელ ხელისუფლებას , ჯერჯერობით, ძალა აქვს , მაგრამ საეჭვოა , ამ პოლიტიკურ ვითარებაში, ასეთი დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში არაპოპულარული , მაგრამ ეფექტური რეფორმების გატარება შეძლოს, რომელიც რეჟიმამდე არ მიიყვანს. ამიტომ რეფორმები სისტემების შიგნით , ამას არ უშველის. საჭიროა სისტემების ნგრევა გაბედულად , თან მეთოდურად , ოღონდ არა ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე.
უბედურება ისაა , რომ არავის აქვს პასუხი კითხვაზე , აქვს კი რესურსი ამ ხელისუფლებას ფუნდამენტური ცვლილებების გახორციელებისა, ამ წლობით ჩამყაყებულ სისტემებში ??? აქვს კი პოლიტიკური ნება ამ სისტემების ნგრევის და ახლის შენების ? ეს ერთი უბედურება , პასუხი რომ არ გვაქვს და მეორე უფრო დიდი უბედურება , რაზეც პასუხი წინასწარ ვიცით , _ ამ ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია , რომელსაც ეფექტურად და სწრაფად შეუძლია დაანგრიოს ყველანაირი სისტემა , ოღონდ აშენებით იმაზე უარესს ააშენებს , რაც გვაქვს. ამას წყალი არ გაუვა და ეს კინოც ნანახი გვაქვს უკვე!
P.S. ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ , მთავარი რეფორმა , რომელიც ქვეყანაში უნდა გახორციელდეს, ეროვნული ცნობიერების რეფორმაა , ყველაზე რთული და ყველაზე საშური! რაცაა სწორედ ყველაფრის საფუძველი! … და ჩვენი მთავარი პრობლემა , _ როგორ ? ვისით ? … ჰოოო , ეს არ ვიცი.