მოძრაობა „სირცხვილია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“ივნისში, ანტისაოკუპაციო აქციების მეოთხე დღეს, ბიძინა ივანიშვილმა გასცა მორიგი ცრუ დაპირება პროპორციული არჩევნების მიღებასთან დაკავშირებით და მოატყუა როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა.
ქართულმა ოცნებამ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, დადგა სპექტაკლი და დახარჯა 60 000 ლარზე მეტი – პროპორციული საარჩევნო სისტემის ბენეფიტების საყოველთაო განხილვებში.
ნოემბერში, მაჟორიტარებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან, მიიღეს მონაწილეობა ივანიშვილისვე დადგმულ საცირკო წარმოდგენაში – უნიჭოდ შეასრულეს ბელადთან დაპირისპირებულების როლი და ჩააგდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი – საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონოპროექტი (აღსანიშნავია, რომ ამ “წინააღმდეგობის” შემდეგ ეს მაჟორიტარები კარიერულად დაწინაურდნენ).
ამ ავანტიურაზე მოქალაქეებს შესაბამისი რეაქცია გვქონდა, დავიწყეთ მრავალრიცხოვანი აქცია-პიკეტები, პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
წნეხს, რომელსაც ქართული ოცნება ყოველდღიურად განიცდის, მმართველი გუნდი ვერ უმკლავდება, ისინი ყოველდღიურად კარგავენ სახესა და ამომრჩევლებს.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ სცადა გამოსავალი ეპოვა და გვთავაზობს საპარლამენტო მანდატების შემდეგნაირად გადანაწილებას – 100 პროპორციული სიით, 50 მაჟორიტარული სიით (ამჟამად განაწილება ასეთია: 77 პროპორციული, 73 მაჟორიტარული). ამ ცვლილების განხორციელებასაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. ამ წინადადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ “აჯანყებული მაჟორიტარები” არ არსებობენ და ისინიც, როგორც მთავრობის სრული შემადგენლობა და სახელმწიფოს ყველა, წესით დამოუკიდებელი შტო, ემორჩილება მხოლოდ ერთი პრორუსი ოლიგარქის ნებას.
როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ისევ ვერ გაიგო, რომ ჩვენ მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნები და ღირებულებები თქვენს შემოგდებულ წინადადებებზე არ იყიდება. განსხვავებით თქვენგან, ჩვენ გაგვაჩნია პრინციპები, რომლებსაც არაფრის გამო არ შევიცვლით. უკან დახევას არ ვაპირებთ!
მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, დამოუკიდებელი საერთაშორისო და ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, თქვენი ამომრჩევლებიც) ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. გვესმის, რომ ძალაუფლების გაზიარება და დათმობა გიჭირთ, მაგრამ მოგიწევთ. თუ გინდათ თქვენი მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშიროთ, მიიღეთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ და შეუვალ წინააღმდეგობას და გაიძულებთ უკან დახევას,”_ წერია განცხადებაში.