ავსტრალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან.
ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხრეთ ავსტრალიაში იპოვეს. ახალი სამხრეთ უელსის შტატში კი, სადაც ხანძრის 100-ზე მეტი კერა დაფიქსირდა, მაშველები ვერ უკავშირდებიან კაცს, რომელმაც ევაკუაციაზე უარი განაცხადა.
ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას უკვე 9 ადამიანი ემსხვერპლა. 18 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურამ 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.