20 დეკემბერს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში მშობელთა კრება ჩატარდა.
კრებაზე ინტერესი გამოიწვია მშობლის რანგში შოთა გოგიბერიძის გამოსვლამ, რომელიც ამავე დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. იგი ღიად შეეხო მოსწავლეებში „ქურდული სამყაროს“ მიმართ ინტერესის და სიმპატიის გამოხატვის გააქტიურებას.
_პირველ რიგში ახალი წლის მობრძანებას გილოცავთ. კარგია, რომ ასე საინტერესოდ და საქმიანად ტარდება საანგარიშო მოსმენა. ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი შვილების შესახებ. ძალიან მომწონს სკოლის აქტივობები, რასაც სულ ვეცნობი. თუმცა, ახლა ერთ კონკრეტულ თემაზე მსურს საუბარი. ნელ-ნელა შემოგვეჩვია ისევ კრიმინალური ვითარება. როგორც გავიგე, ქუთაისში ჩატარდა კვლევა და მოსწავლეთა საკმაო ნაწილს კვლავ მოსწონს „ქურდული სამყარო“. ჩემი თხოვნაა, აუცილებლად ხშირად ვესაუბროთ ჩვენს ბავშვებს, ავუხსნათ მათ, რა განსხვავებაა ქურდსა და პროფესორს შორის. რა ჯანდაბაა, რატომ უნდა სურდეს იყოს ქურდი და არ სურს პროფესორობა? ამაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ძალზე დიდი გამოწვევა და თუ არ ვიღონეთ სასწარაფოდ რაიმე, მერე, იქნებ, დაგვიანებული იყოს, _ უთხრა მან მშობელთა კრების მონაწილეებს, რაზეც დარბაზში მყოფებმა ტაშით უპასუხეს.