ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი წლის ბოლო სხდომაზე დამსწრეთა სრული მხარდაჭერით დაამტკიცა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერ წევრებს, იმ მატივი მიზეზით, რომ არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.
მართალია, საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ამირან გიგინეიშვილმა რეგისტრაცია გაიარა, თუმცა, სხდომის მიმდიარეობისას დარბაზში აღარ გამოჩენილა.
დღის წესრიგის შესაბამისად 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი და მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა წარუდგინა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის პირველი პირის განმარტებით, ბიუჯეტის შემოსავლები 1 მლნ. 142.7 ათასი ლარით, ხოლო გადასახადები 8,908.5 ათასი ლარითაა განსაზღვრული. სხვა შემოსავლები კი, რაშიც იგულისხმება: შემოსავლები საკუთრებიდან, რენტა, საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია, ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახადები და ა.შ. 1,014.2 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ბიუჯეტის ხარჯები 10,336.8 ათასი ლარითა წარმოდგენილი.
მოხსენებისას ალექსანდრე სარიშვილმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული საკრებულოს მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციები და შენიშვნები.
ალბათ, აქედან გამომდინარე იყო, რომ სხდომის მმართელმა გუნდმა შენიშვნების გარეშე დაუჭირა მხარი 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.
მეტიც, მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა, გიორგი ჩახვაძემ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა ბიუჯეტზე გაწეული მუშაობისთვის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი რგოლის მისამართით- „ჩვენ კარგად ვიცით მუნიციპალიტეტის შემოსავლები, არ გვაქვს წარმოება- დაწესებულებები და ამ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე ბიუჯეტი ოპტიმალურადაა დაკომპლექტებული. დაბალანსებული მუშაობისთვის მადლობა მერიას, საფინანსო სამსახურსა და მის ხელმძღვანელს“.
ჩახვაძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ ორი თვის წინ შესრულდა ყველა პარამეტრით და ამისთვისაც მადლობა მოახსენა საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს.
კენჭისყრის დაწყებამდე მმართველმა გუნდმა შენიშვნის სახით მხოლოდ ის გააჟღერა, რომ სამომავლოდ კვლავაც მუშაობაა გასაგრძელებელი ბაღის თანამშრომელთათვის სახელფასო ანაზღაურების მოსაწესრიგებლად.
საბოლოოდ კი დარბაზში მყოფმა მმართველი გუნდის 23-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი კენჭისყრაზე დამდგარ საკითხს.