საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, 2019 წელი იყო უაღრესად დინამიური და დატვირთული გამოწვევებითა და მიღწევებით, მთავარ გამოწვევად კი კვლავ ოკუპაცია რჩება.
„საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა. 20%-ით არის შეზღუდული ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარება და ქვეყნის პოტენციალის განვითარება. უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწხუაროდ, ახალგორებელბისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება, ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა,“_ განაცხადა პრემიერმინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, მძიმე გამოწვევებზე პასუხია ის, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე ჩვენი ქვეყნის, მთავრობის და მოქალაქეების პასუხია ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს მას, რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას,“_ განაცხადა გახარიამ.