საქართველოს სამთავრობო კანცელარიის შენობასთან დევნილმა ახალგაზრდებმა ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს.
2008 წლის ომის შემდგომ ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. ბევრი ოჯახი ე.წ. დეფაქტო საზღვრის გამო აღმოჩნდა სხვადასხვა მხარეს. თუმცა, 2019 წლამდე ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალება ჰქონდა სპეციალური დოკუმენტებით გადაეკვეთა ე.წ. საზღვრები და მოენახულებინა ოკუპირებულ მხარეს დარჩენილი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მიცვალებულთა საფლავები და კერძო საკუთრება. უკვე ოთხი თვეა საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა და ოჯახების იძულებით განცალკევება გამოიწვია. ამ ყველაფერს ადასტურებს 4 თვის მანძილზე ჩაკეტილი საზღვრის პირობებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო არაერთი ადამიანის გარდაცვალება.
ახალგაზრდებს მანიფესტაციის საშუალებით სურთ ხმა მიაწვდინონ საზღვრის ორივე მხარეს მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოქალაქეებს და შეახსენოს აქტიური საზოგადოებრივი პროცესების საშუალებით დარეგულირებული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ.
მანიფესტაციის ორგანიზატორები არიან ომით დაზარალებული ახალგაზრდები, რომელთა ოჯახი, აწმყო და წარსული ე.წ. საზღვრის მეორე მხარესაც არსებობს. მათთვის ორმხრივი კომუნიკაცია სრულფასოვანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.