„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს ,“- წერს ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე დაისჯება.
„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, ადამიანური შეცდომის გამო, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება, უპატიებელი შეცდომაა“, – ნათქვამია პოსტში.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა“ და რომ ის „უნებლიედ“ მაშინ ჩამოაგდეს, როცა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა.
შეგახსენებთ, რომ თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითფრინავში უკრაინის, ირანის, კანადის, შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.