სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ მეორედ მოსვლის ჟამი ახლოს არის და აღნიშნა, რომ სიმშვიდე არის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე და სიმშვიდე არის ის, რაც დღეს, ადამიანებს აკლიათ.
„დღეს არის ხსენება სხვა წმინდანებთან ერთად წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში, ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან.
მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები – მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი, ძალიან აქტუალურია. დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების „დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოიხსენე უფალო დავითი და ყოველი სიმშვიდე მისი. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი”,- განაცხადა ილია მეორემ.