გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა საშობაო კონცერტი, რომელსაც კახა კალაძე სამტრედიელებს მერვე წელია ტრადიციულად ჩუქნის. რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი სცენის მოწყობა 14 იანვრის დილიდან დაიწყეს და საღამოს 7 საათისთვის უკვე მზად იყო ყველაფერი, რომ ქართული ესტრადის ვარსკვლავებს დაუვიწყარი ღამე მიეძღვნათ კახა კალაძის მშობლიური თანაქალაქელებისთვის.
კონცერტი ტრადიციულად მიჰყავდათ ამიკოს და ფაქოს. სცენიდან ახალი წელი კონცერტზე მოსულ ხალხს და საზოგადოებას მიულოცეს მომღერლებმა სოფო ბედიამ, რუსა მორჩილაძემ, ჯგუფმა ,,ალილომ”, ლაშა ღლონტმა, საბა საფარელმა და მოხეტიალე მუსიკოსებმა, ლიკა ყენიამ და მაკა ზამბახიძემ.
კონცერტის კულმინაცია იყო ორი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლებით დასაჩუქრება. კახა კალაძემ 6 შვილიან დიმიტრი ნადირაძისა და 5 შვილიან პაატა ბუაძის ოჯახებს საკუთარი ბიუჯეტიდან სახლები შეუძინა.
,,ტრადიციად დამკვიდრდა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენა. ვულოცავ ყველას ახალ წელს და ვუსურვებ სამტრედიელებს და სრულიად საქართველოს ბედნიერ 2020 წელს,”– მედიასთან კომენტარში განაცხადა კახა კალაძემ.
სამტრედიაში კონცერტს იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერიანე ფოცხვერია, საქართველოს პარლამენტში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი, გია მიქელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.