ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ თანამშრომლების ერთმა ნაწილმა რესტორან “ელეგანტში“, „ბედობას დღეს“, 15 იანვარს, კორპორატიული საღამო გამართეს.
ერთი შეხედვით, ამ ღონისძიების გაამართვაში უჩვეულო არაფერია, თუმცა, “გურია ნიუსს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მუსიკალური და ე. წ. “მხიარული თამაშებისთვის“ საჭირო 1000 ლარი ზემოთ აღნიშნული ცენტრის ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადონ.
“მაქვს ინფორმაცია, რომ ეს თანხა მომსახურების სერვისცენტრის ბიუჯეტიდან გაიწერება. ნამდვილად ვიცი, რომ თანამშრომლებმა მხოლოდ სუფრის ფული დადეს. ასევე, საღამოზე არ იყვნენ მიწვეული ის თანამშრომლები, რომლებიც დღე-ღამე მუშაობენ გარეთ. სამაგიეროდ, იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები. ამ ხალხს უფრო მეტი დაფასება უნდა _ 80 ლარი ძლივს გაიმეტეს საახალწლოდ მეეზოვებისთვის და 1000 ლარის გამოყოფას უცებ ახერხებენ“, _ გვითხრა ერთ-ერთმა ოზურგეთელმა, რომლის ვინაობას, მისი თხოვნიდან გამომდინარე, არ ვასაჯაროვებთ.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ დირექტორი თენგიზ ქუტიძე:
_ არანაირი 1000 ლარი არ გაცემულა. წინასწარ დაჯამდა თანხა და ერთიანად მოხდა გადახდა.
_ ბატონო თენგიზ, ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ თანამშრომლებმა მხოლოდ სუფრის თანხა გადაიხადეს?
_ არ ვადასტურებ, _ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.
ჩვენ გამოვითხოვთ საჯარო ინფორმაციას „სერვისცენტრიდან“ და გავარკვევთ, მართლაც გადაიხადა თუ არა ბიუჯეტმა აღნიშნული თანხა.