სოფელ შემოქმედში, ყოფილი კოლმეურნეობის ავტოპარკის ტერიტორიაზე, კომუნისტური მმართველობის დროს დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინეს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილი ავტოპარკის ტერიტორია გაყიდულია და იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვები კი, იქვე მდინარე ნაბჟუარაში ნახეს.
სოფელ შემოქმედში მცხოვრები, ცნობილი მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, სოფლის ცენტრში რომელ საუკუნეში იდგა ეკლესია.
“დანგრეული ეკლესიის ადგილზე ჯერ დადგეს სოფლის კლუბი, რომელიც კომუნისტების დროს, 1950 წელს დაანგრიეს, შემდეგ ააშენეს კულტურის სახლი.
ეს ქვები, რომელიც ახლა აღმოაჩინეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სოფლისთვის და მთელი გურიისთვის. კარგი იქნება, იმ ადგილას, სადაც ჯვართამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი იყო, თავიდან აშენდეს ეკლესია. ვიცი, რომ ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება“, _ გვითხრა ვახტანგ მამეიშვილმა.