თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა.
ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები, რომელთაგანაც სამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ვრცლად ისაუბრა.
„ამ ვიდეოზე წითელშარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვდება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება სცენას, პატიმარი ღელავს, ღელავს მას შემდეგ, რაც ექთანს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც უდრტვინველად აგრძელებს თავის საქმეს. შემდეგ დაწვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს, იგდებს პირში და ყლაპავს დანის ერთ ნაწილს, რა დროსაც, ჩვენი თანამშრომელი მამაკაცი ხელს ურტყამს პატიმარს სახეში, რომ ეს მისი ქმედება აღკვეთოს. როდესაც ყველაფერი სრულდება და გამოდიან გარეთ, ჩემი თანამშრომლები სახალხო დამცველის წარმომადგენელს აძლევენ ორ ოქმს ხელმოსაწერად და ეუბნებიან, მოაწერე ხელი, რომ თანამშრომელმა ხელი აჰკრა სახეზე პატიმარს, რაც დაუშვებელია და გთხოვთ, ასევე ხელი მოაწეროთ იმას, რომ პატიმარმა ექთანს შეაყარა სახეში ჭიქა, წყალი და ა.შ. პირველ ოქმს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხელს აწერს, ხოლო მეორე ოქმის ხელმოწერაზე აცხადებს უარს, ეს არის თქვენი თანამშრომელი, ვინმე ქალბატონი ნათია. მე ვსვამ კითხვას, რა არის ეს მიკერძოება? ის დაინახეთ, რომ თანამშრომელმა ხელი აარტყა და ის ვერ დაინახეთ, რომ პატიმარმა ექთანს შეურაცხყოფა მიაყენა. ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება. ასევე, თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშში, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დატოვეთ ერთმანეთთანო. ასეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ? თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მეორე ვიდეოშიც ექთანი და პატიმარია ნაჩვენები.
„ფაქტი მეორე – აქაც თქვენ ხედავთ ექთანს და პატიმარს. რა გავაკეთო ახლა, მითხარით. ანგარიშში პირდაპირ წერია, დატოვე ექთანი კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარეო, არის იქ უსაფრთხოების ოფიცერიო. მითხარით, რა გავაკეთო და მოვიქცევი. რჩევებიც დაწერეთ ხოლმე ანგარიშში, რადგან პენიტენციური სისტემის მართვა არ არის მხოლოდ ლაპარაკი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მესამე ვიდეოში პატიმარმა ციხის თანამშრომელს თავი მიარტყა.
„ფაქტი მესამე – თავი მიარტყა, არაფერი არ ხდება. რატომ მიარტყა თავი პატიმარმა თანამშრომელს, არავინ არ იცის. მე აქ პირველი ორი ფაქტი მაინც უფრო მეტად პირველ ადგილზე დავაყენე, რადგან ექთნებისა და ექიმების ძალიან დიდი გასაჭირია პენიტენციურ სისტემაში. ეს კი ნახევრად სიმართლე წერია ამ ანგარიშში, მაგრამ ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ არ უნდა ხალხს ჩვენთან მუშაობა.
ახლა მიმდინარეობს ძალიან მტკივნეული რეორგანიზაციის პროცესი, სავარაუდოდ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე თანამშრომელი სამედიცინო პერსონალიდან იქნება გათავისუფლებული, რადგან კვალიფიკაცია არ ჰყოფნით. სხვადასხვა მიზეზები არსებობს ამის, მაგრამ არ არის ეს პოპულარული სამსახური. იმის მაგივრად, რომ თქვენ ჩემთან ერთად უნივერსიტეტ-უნივერსიტეტ სიარული გსურდეთ, რომ დავარწმუნოთ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ექიმები, რომ იმუშაონ ჩვენთან ერთად, მეუბნებით, რომ ექიმი არ დაიცვას უსაფრთხოების ოფიცერმა. უფრო მეტიც, ანგარიშში წერთ, მე მაძლევთ რეკომენდაციას, რომ დაავალდებულე, რომ ექიმმა ფოტოაპარატი ატაროსო. აი, ამ სიტუაციაში თქვენ წარმოგიდგენიათ, ექთანმა, რომელსაც წიხლებით პასუხობს პატიმარი, როგორ უნდა იაროს ფოტოაპარატით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული ანგარიში გააცნო.
წყარო: იმედინიუსი