დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.
1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.
2011 წელს “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის არმიას.“