ახალი კორონავირუსის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ.
მხარეებმა შესაძლო საფრთხეების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. განიხილეს ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, საფრთხის არსებობის შემთხვევაში თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის და სამინისტრო აქცენტს საინფორმაციო კამპანიაზე გააკეთებს. სასაზღვრო ზონაში ბანერები და ფლაიერები განთავსდება იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები.
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.
ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
წყარო: იმედინიუსი