ამ დროისთვის წვიმს და ცუდი ამინდია გურიაში. ოზურგეთის ცენტრში, ჭადრების ბაღის მთელ ტერიტორიაზე არხებიდან გადმოსული წყალი და ზოგადად ნიაღვრის ნაკადები, რასაც ქარის შედეგად ჩამოყრილი ხმელი ტოტები და სხვა ნარჩენები მოაქვს, არხებიც გაჭედა და ასევე მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს უშლის.
ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ როგორც კი ცოტა წვიმა შეჩერდება, ნარჩენებს მოაგროვებენ და არხებსაც ამოასუფთავებენ.
_ ჩვენ ხშირად ვასუფთავებთ არხებს გრძელტარიანი ფოცხებით და არხებში დალექილ ნატანსაც ვურევთ, რომ წყალმა კარგად გაიტანოს. თუმცა, რომ იჭედება, ეს მხოლოდ წვიმის ბრალი არ არის. ჭადრების ბაღი, განსაკუთრებით შადრევინის სიახლოვეს არის ჩავარდნილი ადგილი, ქვიშა არის დატანებული თავის დროზე და დაიწია. ამიტომაც ხდება ასე წყლის დადგომა. გარდა ამისა, იქ, ახლოს ვაპირებთ ახალი საწრეტი არხის გაკეთებას. ერთ ადგილზე ახალი ცხაურიც კი ჩავსვით, იმდენად ქმნიდა პრობლემას ნიაღვარი. აუცილებლად მოვაწესრიგებთ, – გვითხრა ქუტიძემ.