5 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის ამოღება ითხოვა, რომელიც შეეხებოდა ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის იჯარის ფორმით, პირდაპირი წესით გადაცემას.
როგორც საკრებულოს ბიუროს წინა სხდომაზე გაირკვა, ამ ფართის იჯარით აღება ბაზრის ყოფილ დირექტორს, შალამბერიძეს სურდა, რის გამოც, მოქალაქეთა ჯგუფმა მერიას და საკრებულოს განცხადებით მიმართა: – აღნიშნულ ადგილზე, ათი წელია, ჩვენ ვმუშაობთ, გადასახადსაც ვიხდით და კერძო საკუთრება გვეგონა. თუ იჯარით გასცემთ, ჩვენც ვაცხადებთ პრეტენზიასო.
საკრებულოს დეპუტატმა, გოჩა კილაძემ ამჯერად მუნიციპალიტეტის მერის განცხადება წაიკითხა, რომელშიც შარაშენიძე წერს საკრებულოს თავმჯდომარეს:
„აღნიშნული პროექტის წარმოდგენის შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მომართა მოქალაქეთა ჯგუფმა, რომლებიც ითხოვენ ამ ფართის გადაცემას.
იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით წარმოიშვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესები, გთხოვთ, ამ დროისთვის არ განიხილოთ წარმოდგენილი პროექტი, ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი.“
საკრებულოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს, სხდომა მეორე საკითხის გარეშე წარემართათ და ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.