გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვს. ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ზემოსურებში მზია ბარამიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, თოვა დღეს 8 თებერვალს დაიწყო.
“დღეს თოვს და არანაირი პრობლემები არ შექმნილა. დილიდანვე რაფი გავიდა სოფლიდან. გზაზე პრობლემები არ არის. სოფელში შუქი არის,“ _ გვითხრა ბარამიძემ.
ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი სოფელ ზოტში რაულ კონცელიძე ამბობს, რომ სოფელში 10 სანტიმეტრი თოვლია.
“დილიდანვე შემეხმიანეს ჩოხატაურის მერიიდან. დილიდან დაიწყო თოვა“ – თქვა რაულ კონცელიძემ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, თოვას არანაირი პრობლემები არ შეუქმნია გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
“თოვა დღეს დაიწყო და არანაირი პრობლემები შეუქმნია სოფელში“ ,_ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ მთისპირში მაია ჩავლეშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.
9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.