ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ჯგუფიდან დაუმარცხებლად გასვლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელებმა გუშინ მასპინძელი ფინეთი 2:1 დაამარცხეს, ფინალში გავიდნენ და ავტომატურად პირველ დივიზიონში თამაშის უფლებაც კიდევ ერთხელ მოიპოვეს.
ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები დანიას დაუპირისპირდება, რომელმაც ძალიან დაძაბულ მატჩში 2-1 დაამარცხა ტუნისის ნაკრები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მარიამ ბოლქვაძე (WTA -ს რეიტინგით 164-ე ადგილი), ეკატერინე გორგოძე (203), ოქსანა კალაშნიკოვა (57-ე წყვილებს შორის) და ორი დებიუტანტი – მარიამ დალაქიშვილი (810) და ზოზია ქარდავა (1063). საქართველოს ნაკრების კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს (ATP -ს რეიტინგით 27-ე ადგილი) 10 თებერვალს ექნება პირველი მატჩი, 1/16 ფინალური შეხვედრა რუს ანდრეი რუბლევთან (ATP -ს მე-15-ე ადგილი ) როტერდამის ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 500,000 ამერიკული დოლარია.