ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაახლოებით ორი საათის წინ დაბალი ტემპერატურით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან კლინიკას თავად მიაკითხა. საქართველოს მოქალაქე შანხაიდან სამი დღის წინ დაბრუნდა, მას რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურის მცირედი მატება აღენიშნება. ახალგაზრდა ქალს ახლა გამოკვლევები უტარდება.
საბოლოო პასუხი – არის თუ არა პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული, ხვალ გახდება ცნობილი. ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ. ექიმების წინასწარი შეფასებით, ეს არ არის კორონავირუსი. საქართველოში ეს არის მე-10 შემთხვევა, როცა გავრცელებული ვირუსის დადგენის მიზნით გამოკვლევა ტარდება.
ინფექციური საავადმყოფის გენერალური დირექტორის თქმით, წინა 9 შემთხვევაში არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა და ყველა მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტს დიდი ალბათობით კორონავირუსი არ აღენიშნება.