თებერვლის დასაწყისში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
“წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე” მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წელს, უკვე მეხუთედ აღინიშნა. ღონისძიებას ჩოხატაურიც შეუერთდა და მუნიციპალიტეტის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ყველაზე აქტიური მკითხველები გამოავლინა.
დაჯილდოებულ მოქალაქეებს შორის 80 წლის იზოლდა ბერძენიშვილიცაა.
როგორც იზოლდა ბერძენიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, წიგნების კითხვით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, ხელი კი მისი სურვილის ხორცშესხმას ერთმა ბიბლიოთეკარმა შეუწყო, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა:
“კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა. ჩემს სახლში წიგნებს არავინ კითხულობდა. მე კი, ალბათ, უფრო ამიტომ, სულ მქონდა წიგნების კითხვის სურვილი და ინტერესი. ერთხელ ბიბლიოთეკარმა ქალმა, რომელსაც ვიცნობდი და ალბათ, ჩემი სურვილის შესახებ იცოდა, მთხოვა, მასთან გამევლო ბიბლიოთეკაში. მე, რა თქმა უნდა, მივედი. მან წიგნი გამომატანა. მას შემდეგ ბიბლიოთეკაში დავდივარ.
“ივლიტას ბიბლიოთეკის” და ჩოხატაურის მთავარი ბიბლიოთეკის მკითხველი უკვე წლებია, ვარ. წიგნები სახლში მომაქვს და ვკითხულობ. ვკითხულობდი მაშინაც, როდესაც ბავშვები აკვანში მყავდა. როგორც კი დავაძინებდი და გამოთავისუფლებულ დროს ვნახავდი, ვიჯექი და ვკითხულობდი. დღესაც ასე ვარ. წიგნის გარეშე არ შემიძლია. არ არსებობს, დღე, რომ არ ვკითხულობდე. წიგნები საწოლის თავთან მიდევს, ხანდახან თავზე მათენდება კითხვაში”, _ გვეუბნება 80 წლის ქალბატონი, რომელიც შვილებისა და შვილიშვილების აღზრდის შემდეგ, შვილთაშვილებს ზრდის და ცდილობს, მათაც შთაუნერგოს წიგნის სიყვარული.
“მინდოდა, ჩემს შვილებსაც ეკითხათ. რაც ნაწილობრივ გამომივიდა კიდეც. უფროს შვილს ძალიან უყვარს კითხვა. ისიც ჩემსავით გამუდმებით კითხულობს. მომდევნოებსაც უყვართ, თუმცა, ასე აქტიური მკითხველები არ არიან. შვილიშვილებიც კითხულობენ. ახლა შვილთაშვილებს ვზრდი და ვცდილობ, მათაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდეთ წიგნთან მიმართებაში, როგორც _ მე”, _ ამბობს ქალბატონი იზოლდა.
კითხვაზე _ რა ჟანრის წიგნებს კითხულობს ხშირად და რომელ მეცნიერებს, ავტორებს გამოარჩევდა, ქალბატონი იზოლდა გვეუბნება ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები ხიბლავს:
“ისტორიულ ნაწარმოებები მომწონს განსაკუთრებით. მწერლებიდან გამოვარჩევდი კორნელი კეკელიძეს, კონსტანტინე გამსახურდიას. ისტორიული ეპოქიდან კი დავით აღმაშენებლის ხანას”, _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი და ახალგაზრდებს რჩევას აძლევს: “წიგნებმა ბევრი რამ მასწავლეს, ყველანაირ სიტუაციაში მეხმარებოდნენ და დღესაც ასეა. ახალგაზრდებს ვურჩევ, რაც შეიძლება ბევრი იკითხონ”, _ გვითხრა იზოლდა ბერძენიშვილმა.