საქართველოს ნაკრების წევრი, ოზურგეთელი მოჭიდავე იური (ირაკლი) ლომაძე რომში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ჩემპიონატზე არაერთი დამამახსოვრებელი ილეთი გამოიყენა მეტოქის დასამარცხებლად, რაც ბევრმა სპორსტმენმა, მაყურებელმა თუ სპორტულმა ჟურნალისტმა აღნიშნა საუბრის დროს.
ფოტო: მაგდა კლდიაშვილი
ამჟამად იურის მთავარი საფიქრალია, რომ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვიდეს.
_ იური, პირველ რიგში გილოცავ მორიგ წარმატებას. რომელ ასაკში დაიწყე ჭიდაობაზე სიარული?
_ პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვისაც ჰქონდა იმედი, რომ ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვიდოდი… პატარა ასაკიდან დავიწყე სპორტული ცხოვრება. ბაბუაჩემი რამაზ მორჩილაძე ჭიდაობაში იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მას ბაღიდან ადრე გამოვყავდი და ვარჯიშზე მივდიოდით ერთად. 4-5 წლის ასაკში ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდნენ უფროსი ასაკის ბავშვები. შემდეგ კი დავიწყე ვარჯიში და ყველანაირად ვცდილობ, რომ კარგი მოჭიდავე გამოვიდე.
_ პირველი შეჯიბრი როგორ დასრულდა?
_ რა თქმა უნდა, მარცხით.
_ წარმატებას დიდხანს ელოდი?
_ არც ისე. პირველი მწვრთნელი იყო იური ლომაძე, ახლა კი ძმები ზურაბიანები არიან. მინდა ვთქვა, რომ ეს უკვე წარმატებაა, რადგან ამ ადამიანებმა ბევრ სპორტსმენს შეაყვარა ჭიდაობა. ვარჯიშსი ასევე მეხმარება ბექა როყვა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გამარჯვებებში. მინდა ვთქვა, რომ მწვრთნელების გარეშე, ძნელია, დიდ შედეგზე გახვიდე. 15 წლის ასაკიდან მოვხვდი საქართველოს ნაკრებში, ასევე ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, ვასახელო ჩემი ქვეყანა და ოზურგეთი.
2018 წელს, დაღესტანში, ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი, მაგრამ ჩემი კარიერის დასაწყისისთვის ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავდა. ძალიან კარგი შეფასებები მოყვა ჩემს ილეთებს.
მინდა ვთქვა, ასევე, რომ ჭიდაობა ძალიან პოპულარულია ოზურგეთში. წარმატებებიც არის და ყოველ წელს ოზურგეთელი მოჭიდავეები არაერთ წარმატებას აღწევენ.
_ რა პრობლემები არსებობს ჭიდაობაში?
_ ყველა პირობა არის იმისთვის, რომ ივარჯიშო და წარმატებას მივაღწიოთ. რადგან ეს კითხვა დამისვით, ვიტყოდი, რომ კარგი იქნებოდა იური სიორიძის სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა.
ფოტო: მაგდა კლდიაშვილი
_ დიდი იმედებით ველოდებოდით თქვენგან ოქროს მედალს. ღირსეულად გამოხვედით ევროპის ჩემპიონატზე. ორიოდე სიტყვით იქნებ გვითხრათ რა მოხდა ფინალში?
_ ყველა მედალი მნიშვნელოვანია და დასაფასებელია. იყო ჩემი მხრიდან პატარა შეცდომები, რაც გამოიყენა გერმანელმა სპორტსმენმა. ახლა კი ამ შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშავო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი შემხვდა ოლიმპიური ჩემპიონი და დავამარცხე. ყველა შეხვედრა დიდი ბრძოლის შედეგად მოვიგე. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მომზადებული ვიყავი, მაგრამ მოხდა ისე, ფინალი ვერცხლის მედალით დავასრულე.
_ გულშემატკივრები ახსენე საუბრის დროს. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს წარმატებას. საინტერესოა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ემიგრანტები იმყოფებოდნენ?
_ როდესაც შეჯიბრი იწყება, ამ დროს დიდ სტიმულს გაძლევს გულშემატკივარი. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს რომში გაიმართება, საქართველოდან დიდი დელეგაცია იმყოფებოდა. ემიგრანტებმა რომ გაიგეს, რომში ვიყავით ქართველი სპორტსმენები, მოვიდნენ და გაგვამხნევეს. შეჯიბრის დასრულების შემდეგაც გავიცანით ერთმანეთი. ყველას მადლობა, ვინც გვამხნევებდა. ვიცი, დიდი არმია გვგულშემატკივრობდა ფეისბუქზე და ტელევიზიით.