დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე – დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა.
მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა:
_იყო ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით, რომ მოხდეს დამოუკიდებელ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები. ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის ისტორიაზე, რომელიც 1931 წელს დაიწყო. ხოლო 1950 წელს შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით. ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში, მხარი დაუჭიროს თქვენს გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება – უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს.
საკითხის ირგვლივ ასევე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს.
_მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის.
დეპუტატებმა, საბოლოოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს, შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.