„გურია ნიუსი“ დილიდანვე ოზურგეთში მოქმედ ყველა აფთიაქს ეწვია. ამ წუთისთვის არსად არ აქვთ პირბადე, უფრო მეტიც -ამბობენ, რომ ბაზაში არ არის და არ იციან, როდის მიიღებენ.
აფთიაქ „ბაიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გუშინ დილით გათავდა და აღარ აქვთ.
_ხვალ გავგზავნით დაკვეთას, ჩვენთვისაც კი არ გვაქვს, არ დაგვიტოვებია! _ გვითხრეს აქ.
_არ გვაქვს. არც ბაზაშია. არ ვიცით, როდის გვექნება _ გვითხრეს P.S.P-ს წარმომადგენლებმა.
„ავერსის“ აფთიაქში განგვიმარტეს, რომ წუხელ ღამის განმავლობაში ყიდდა მორიგე ოპერატორი და აღარ გვაქვს, ბაზაშიც არ არისო.
რაც შეეხება „იმპექსს“, აღნიშნულ აფთიაქში გვითხრეს, რომ აღარ აქვთ, როდის ექნებათ არ იციან და თუ სირბილით წახვალთ, შესაძლოა, მეორე „იმპექსში“ მიუსწროთო (!)
რა თქმა უნდა, მოსახლეობაში პანიკამ არ უნდა დაისადგუროს, თუმცა იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომაგენლები დილიდანვე ხალხს მაღალი ტრიბუნიდან ესაუბრებიან და ამბობენ, რომ ყველა საშუალება აქვთ, დაიცვან მოსახლეობა კორონავირუსისგან, რბილად, რომ ვთქვათ, სიცრუენარევი ტყუილია.