კორონავირუსის დაავადების გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიების გატარების მიზნით დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში.
ქვეყნისა და ქვეყნის გარეთ შექმნილი სიტუაცია გაანალიზეს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, საჯარო სამსახურებისა და ააიპების წარმომადგენლებმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი მგზავრთა გადაზიდვების ბიზნეს ოპერატორებმა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ისაუბრა პრევენციული ღონისძიების შემჭიდროვებულ ვადებში დროულად გატარების აუცილებლობაზე. იქვე დასძინა, რომ 1 მარტიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტში საკოორდინაციო ჯგუფია შექმნილი, რომელსაც მერიის აპარატის უფროსი, ბეჟან გეგეშიძე ჩაუდგა სათავეში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ ისაუბრა აუცილებელ გასატარებელ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა შესაბამის უწყებებს ავალდებულებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, სკოლებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბიზნეს ოპერატორებს, მუნიციპალიტეტის მიე დაფუძნებულ იურიდიულ პირების ხელმძღვანელებს , დავალება მიეცათ, სასწრაფოდ უზრუნველყონ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინო ზონისთვის, სამტრედიაში, ქალაქის ტერიტორიაზე, რესპუბლიკის ქუჩის 86 ნომერში, ყოფილი სამშობიარო სახლის შენობაში არსებულ სასტუმროში 13 ნომერია მომზადებული.
,,ჯეო ჰოსპიტალს სამტრედიის” სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი, ირაკლი ლაღიძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საინფორმაციო საშუალებების ჩართულობას მოსახლეობისთვის დროული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული პანიკის შექმნის საფუძველი.