დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ: საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა კორონავირუსი დაუდასტურდა.
იმნაძემ მადლობა გადაუხადა პაციენტს მაღალი თვითშეგნებისთვის. როგორც ცნობილი გახდა, 44 წლის მამაკაცი კლინიკაში თავად მივიდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აღენიშნება ტემპერატურა, 38.5 გრადუსზე მეტი.
„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, 44 წლის მამაკაცი. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კვირიდან-დღემდე. ოჯახის წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა, 38 ნახევარზე მეტი აქვს ტემპერატურა. აღენიშნება ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება, რაც ახასიათებს ამ ვირუსს“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მარინა ეზუგბაიამ.