გურიაში, ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით, მდინარეების კალაპოტებში გახსნილ კარიერებზე არსებული უმძიმესი ვითარების გამო, კარგა ხანია, ხმაურია. თუმცა, მოსახლეობის გარდა, გამკითხავი არავინაა და კარიერების მატებასთან ერთად პროტესტიც მატულობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის ხიდის მიმდებარედ, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შპს “ქიუ ემ სის” მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამუშავების საწარმოა მოწყობილი, რომელმაც სამშენებლო, ინერტული მასალების დახარისხება და დამუშავება უნდა მოახდინოს. თუმცა, როგორ “ახარისხებს”, ამაზე ბაილეთისა და სილაურის მცხოვრებლებს უნდა მოვუსმინოთ, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან:
“კაპიტალური გზა რომ გაკეთდა ჩვენს სოფლებში, რა აზრი აქვს? დახეთქეს და მოსპეს ამ უზარმაზარმა სატვირთოებმა. 80 ტონა სიმძიმეს როგორ უძლებს ეს საცოდავი ხიდი და გზა, სასწაულია!”; “ვანდალებს არ დაუჩეხავთ ასე გიბრალტარი, რაც ამათ სუფსის კალაპოტს უყვეს”; “მდინარე შუაზე გაჩეხეს, ხრეშით ამოავსეს და ორ მხარეს შორის ე. წ. ხიდი გააკეთეს”; “ასეთი მიდგომით ბევრად მეტი ქვიშა ამოიღეს, ამოიტანეს ქვესკნელი, რადგან “მოიშვლიპა” კალაპოტის ფსკერი”; “რომ არ გაცდნენ და დღე-ღამის განმავლობაში გადაბმულად იმუშაონ, საწვავი ადგილზე მიეწოდებათ. ნახეთ, ცისტრნებიანი მანქანები როგორ ემსახურებათ ადგილზე”; “ამ ქვეყანას გარემოს დაცვის სამინისტრო ჰყავს თუ ვანდალების მაოხრებელი დანაყოფი?!” _ ასეთი ემოციით დაგვხვდნენ ბაილეთელები სოფლის ცენტრში, რომლებიც შველას ითხოვენ და უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციას გეგმავენ.
ბაილეთის მცხოვრებლები ხაზგასმით საუბრობენ საკუთარ დამოკიდებულებაზე ამ საკითხზე.
ტარიელ ნაჭყებია, ბაილეთის მკვიდრი: “იმის თქმა ან ხალხის გამტყუნება იმ მოტივით, რომ თითქოს, შენებას ვეწინააღმდეგებით, მოძალადეების მიერ თავის სამართლებელი საშუალებაა, მეტი არაფერი. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, მატარებელი გეგონება, რომ ამოვა ათი სატვირთო ერთად. ჯერ ხმაური თქვი, მერე, რა გზამ უნდა გაუძლოს ამხელა სიმძიმეს? ასეთი მიდგომა ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მოსწრებაზე არიან და არაფრად ენაღვლებათ მდინარის კალაპოტი, გზა თუ ჩვენი სახლები? მოთმენას საზღვრები აქვს, პროტესტს მივმართავთ ახლა _ სხვა არაფერი გამოვიდა”.
იური დარჩია, ბაილეთის მკვიდრი: “საყანეები წყალმა წაიღო მაგათი გადამკიდე. მანქანას სამჯერ მეტი ტვირთი მიაქვს. წონიანო, რომ ჰკითხო, დადგმულია სასწორი, მაგრამ ვინ აკონტროლებს იმ მწონავს? ერთი გაქუცული რვეული უჭირავთ და წერენ შიგ რაღაცას. ბავშვი მიხვდება ამ სისულელეს. წესიერად რომ მოიპოვონ ინერტული მასალა, უმკაცრესი წესი, კონტროლი და კანონია საჭირო. ამას ვითხოვთ ჩვენ და არა აღმშენებლობის შეჩერებას. დასახიჩრებულია მდინარის კალაპოტი. ასე თუ შეიძლებოდა კალაპოტის აოხრება, ფიქრშიც ვერ წარმოვიდგენდი, საზარელი სურათია, ჩადით, ნახეთ…”
ირმა დობორჯგინიძე, ადგილობრივი მცხოვრები: “რამდენი წელია, მაგ კარიერების გამო მიაქვს სუფსას ჩვენი სახნავ-სათესები. ანაზღაურებას და კომპენსაციას ვინ ჩივის, თანდათან გვაოხრებენ. რაღაც კანონი, დამცავი მექანიზმი თუ არ ამოქმედდა, დავიღუპეთ და ეგაა”.
“იცით, რა მოიფიქრეს? ღამით მუშაობენ, ხრეშს მთებად აგროვებენ, რომ დაიწრიტოს და დილიდან უკვე შეუსვენებლად გააქვთ. გაგვაგებინეთ, რომ ანგრევენ, ისეთს რას აშენებენ? ახლად დაგებული გზები დასკდა, ხიდი ჩაინგრა, სახლები დაიბზარა. გაგვეცალონ ან უმკაცრესი კონტროლი მოხდეს. შენების წინააღმდეგი არავინაა და ხალხს ნუ გვასულელებენ”, _ ამბობენ სილაურელები და ბაილეთელები.
ეკოდამცველები ირმა გორდელაძე და ლევან მგელაძე (მგელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია), ადგილობრივებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესახებ ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ არც ერთ ლიცენზიანტს არ აქვს უფლება, სამუშაოდ შევიდეს რომელიმე მდინარის კალაპოტში და გახსნას იქ კარიერი, თუ არ დაეკითხა ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, რადგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას შეზღუდული აქვს მოქმედების უფლება და ვერ აკონტროლებს აღნიშნულ სივრცეს:
“ყველა გადაწყვეტილება მიიღება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს მათ, რომ ესა თუ ის ლიცენზიანტი უნდა შეუდგეს დასახელებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და განცხადება თანდართული დოკუმენტაციით განათავსონ საინფორმაციო დაფაზე”, _ ამბობენ ისინი.
“გურია ნიუსმა” გადაწყვიტა, სოფელ ბაილეთისა და სილაურის საზღვართან, სუფსაზე მდებარე ხიდთან, რამდენიმე წუთით შეჩერებულიყო და დაეთვალა მძიმეწონიანი სატვირთო მანქანები, რომლებსაც ქვიშა-ხრეში გადააქვთ. აღმოჩნდა, რომ ერთი საათის განმავლობაში საათში, სულ ცოტა, ათი სატვირთო ამოდის კარიერიდან.
თვით კარიერზე, მდინარე სუფსის ვრცელ კალაპოტში, სადაც ასეულობით ტონა ქვიშა-ხრეში აქვთ ამოღებული, დგას სასწორი და იქვე ერთი პირი აწარმოებს აღრიცხვას, თუმცა, ამ ყველაფერს საეჭვო ელფერი დაკრავს, რადგან უსუსტესი მაკონტროლებელი მექანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაზეც სამართლიანად ბრაზობენ ადგილობრივი მცხოვრებლები და საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.