პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” შსს-დან მიაწოდეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.
“15 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, მცხეთაში,კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია გადაყვანილი”, _ ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.