იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან ერთად არ მივიდნენ და გარდა ამისა, დაიცვან ერთ მეტრიანი დისტანცია.
“მინდა მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვთხოვო, დაბეჯითებით, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
მიუხედავად ჩემი და მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის თანმხლები ბავშვებით. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე, თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება.
იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს იუსტიციის სახლში მობრძანდა დოკუმენტის ასაღებად, მინდა მოვუწოდო, რომ დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია და ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მათ ამასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემენ, რადგან ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი. ჩვენ ამ მხრივ ვაწყდებით გამოწვევებს და ჩემი ვალია, რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული.
მე იმედი მაქვს, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასაკეტი. დღეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, ვაგრძელებთ სერვისების გაცემას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოქალაქეებისგან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა,” – აცხადებს თეა წულუკიანი.