„უზენაეს სასამართლოში დღეს არსებული მოსამართლეთა რაოდენობა რამდენად არის საკმარისი და მოსამართლეთა კორპუსის ამ რესურსით რამდენად დაძლევადია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ ელოდებოდნენ საქმეებს დიდი ხნის განმავლობაში. ეს რაოდენობა მოსამართლეების რამდენად საკმარისია და რა რაოდენობა დაგვჭირდება ჩვენ მოსამართლეების სამომავლოდ, რომ უზენაესი სასამართლო ამ გადატვირთულობისაგან დავიცვათ, იმისთვის, რომ სწრაფი მართლმსაჯულება იყოს უზრუნველყოფილი”,-ამ შეკითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა კანდიდატის ხედვებით და დამოკიდებულებით უზენაესი სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით. ანრი ოხანაშვილის თქმით, თითოეული მოსამართლის ინტერესია, რომ ის შრომა, რასაც თითოეული მათგანი ეწევა, მოქალაქემდე მივიდეს იმ ფორმით, რომ საქმე სწრაფად გადაწყდეს, თუმცა, საქმის სწრაფად გადაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის დროსთან, რაც მისივე განცხადებით, ერთგვარი გამოწვევაა.
„დარწმუნებული ვარ, თითოეული მოსამართლის ინტერესიც ეს არის, რომ ის უზარმაზარი შრომა, რასაც თითოეული მათგანი ეწევა, მოქალაქემდე მივიდეს იმ ფორმით, რომ საქმე სწრაფად გადაწყდეს, თუმცა, საქმის სწრაფად გადაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის დროსთან, რომ კვალიფიციურად მიუდგეს თითოეული მათგანი ამ საქმეს და ეს მარტივად გადასაწყვეტი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ მოქალაქეების მხრიდან ეს დამოკიდებულებაც უნდა იყოს გაგებული, რომ თითოეული მოსამართლის ინტერესია საქმის კვალიფიციურად გადაწყვეტა, თუმცა არის ის დამოკიდებულებაც, რომ საჭიროა საქმეების კიდევ უფრო საქმეების სწრაფად განხილვა. სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, მოსამართლეების იმ რაოდენობის არჩევაზე, რა რაოდენობაც შევძელით რომ აგვერჩია. მაინტერესებს თქვენი ხედვა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე. თქვენი შიდა სამოსამართლეო ხედვიდან, რომელიც თქვენ უკვე უზენაეს სასამართლოში თქვენს კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად უკვე გაქვთ. რას ფიქრობთ და როგორია თქვენი განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.