,,იმერეთში დაავადების არცერთი შემთხვევა არ გვაქვს დაფიქსირებული”, _ ეს განცხადება “გურია ნიუსთან” დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ გააკეთა. გიორგაძემ სააგენტოს, კორონავირუსთან დაკავშირებით, იმერეთში არსებული უახლესი ინფორმაცია მოაწოდა.
,,იმერეთში დაავადების არცერთი შემთხვევა არ გვაქვს დაფიქსირებული. მხოლოდ საჩხერეში გვყავს სამი პაციენტი, რომლებსაც თბილისში დაუდასტურდათ შემთხვევები და უბრალოდ, საჩხერის ჰოსპიტალში გადიან სტაციონარულ მკურნალობას. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, იმერეთში სამი საკარანტინო სივრცე გვაქვს გამოყოფილი: საჩხერეში, საირმეში და წყალტუბოში. წყალტუბოში გვყავს 117 ბინადარი, საირმეში, დღეის მდგომარეობით, უკვე 127-ია, საჩხერეში-31. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი დაავადების ნიშნები, არიან ჯანმრთელები, უბრალოდ იმყოფებოდნენ ლოკალურად დაზარალებულ ქვეყნებში და ამჟამად იმყოფებიან კარანტინში. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში გვყავს 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებზეც მუდმივი მეთვალყურეობა ხორციელდება ყოველდღიურად. თუ ვინმეს რაიმე სიმპტომები გამოუვლინდა, მათზე დროულად ხდება რეაგირება, გადაყვანა სტაციონარში. ამ ეტაპისთვის, რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, იმერეთის სამმართველოში მას შემდეგ რაც დავიწყეთ კორონავირუსის ინფექციაზე გამოკვლევები, სულ გვყავს 74 ბენეფიციარი გამოკვლეული,. პაციენტი შესაძლო შემთხვევით შემოსული ჩვენთან, ყველა შემთხვევაში მიღებულია უარყოფითი პასუხი. კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა”, _ განუცხადა ,,გურია ნიუსს” გოჩა გიორგაძემ.