ორშაბათს, 30 მარტს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, _ ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.
როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სხდომაზე სამ საკითხს განიხილავენ.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიცპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
სხდომის ჩატარების ადგილია: დაბა.ჩოხატაური დუმბაძის N20-ა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლე).
სხდომა ჩატარდება, შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციების, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
“გურია ნიუსი” საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, მარინე ბერაძეს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება covid 19-ის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღეს.
“დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკრებულოს სხდომის ჩატარება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეუძლებელია, რადგან საკრებულოს წევრების რაოდენობა არის 38, შესაბამისად, სხდომათა დარბაზში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეუძლებელია საჭირო დისტანციის დაცვა და სხვა რეკომენდაციების შესრულება. საკრებულოს სხდომა ჩატარდება მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით, კონკრეტულად, გაიმართება საკრებულოს გასვლითი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით. შესაბამისად, შერჩეული იქნა ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სოციალური დისტაციისა და სხვა აუცილებელი რეკომენდაციის გათვალისწინება. რაც შეეხება, სხდომების ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარებას, დღეისათვის ასეთ გამონაკლისს არ უშვებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, ცვლილება იქნეს შეტანილი საკრებულოს მოქმედ რეგლამენტში”, _ გვითხრა მარინე ბერაძემ.