ის, რაც ამ წუთებში ხდება ზუგდიდის ცენტრში, არის ყოვლად დაუშვებელი,- ასე ეხმაურება ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, პირბადეების დარიგების ფაქტს.
“ის, რაც ამ წუთებში ხდება ზუგდიდის ცენტრში, არის ყოვლად დაუშვებელი, ცალკეული პარტიების მხრიდან ხდება ორგანიზება პირბადეების დარიგების, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაში, ორი მუნიციპალიტეტი იმყოფება კარანტინის რეჟიმში და ქვეყანაში უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში და ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრიბავენ ასობით ჩვენს მოქალაქეს ქალაქის ცენტრში თითქოსდა პირბადეების დარიგების მოტივით და ხელს უწყობენ ვირუსის გავრცელებას, რაც ყოვლად დაუშვებელია და ეს არის პროვოკაციული აქტი მათი მხრიდან. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი. მე ყველა მოქალაქეს და პოლიტიკური პარტიის წევრს მოვუწოდებ მსგავსი პროვოკაციებისგან თავი შევიკავოთ. ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, რათა ერთად ვებრძოლოთ მნიშვნელოვან გამოწვევას მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის”,_ განაცხადა შენგელიამ.