რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც.
„ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად, კონცერნი „მარნეული“, რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს და აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.