დღეს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს _ ხარებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
გუშინ, ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
“დარჩით სახლში და ილოცეთ სახლიდან. დავიცვათ ჩვენი ეკლესია”, _ მოუწოდა იმნაძემ მორწმუნეებს, რომალთა დიდი ნაწილი საღვთო ლიტურღიას, მართლაც არ ესწრებოდა.
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებს ითვალისწინებდა და მორწმუნეები ტაძრის ეზოში სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ. ტაძარში სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები და რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 1 აპრილს მრევლს მიმართა. ილია მეორის მიმართვაში წერია, რომ რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ.
პატრიარქი ასევე ურჩევს მრევლს, შეასრულონ მითითებები და ტაძარებსა და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან დისტანცია, საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც.
“გურია ნიუსი” გილოცავთ დღესასწაულს და ჯანმრთელობას გისურვებთ!