ქუთაისის მერმა პოსტი დატოვა. გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას – თანამშრომლობისთვის. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!“, – წერს ჭიღვარია.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის ჭიღვარიას.